2021 წლის 29 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიებით რამდენიმე ადამიანი დააჯილდოვა.
დაჯილოდებულებს შორის არიან თედო გორგოძე და ნოდარ ხორბალაძე. მათ ეროვნული პრემია მიენიჭათ სამეცნიერო-საცნობარო ნაშრომისათვის ოფიცრის ატლასი.
ნოდარ ხორბალაძე თავდაცვის სამინიტროს გენერალური შტაბის კარტოგრაფია. ის გეოდეზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელობს.
ამავე დეპარტამენტში მუშაობს თედო გორგოძე. ის კარტოგარფიული უზრუნველყოფის სამმართველოს ხელმძღვანელია.
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პროკურატურისთვის კარტოგრაფების საქმეზე მიცემული ჩვენებაში ამ ორ ადამიანს ახსენებს და ამბობს, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე "თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა, ნოდარ ხორბალაძემ და თედო გორგოძემ აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისიის წევრები იყვნენ, საკითხის სრულყოფილად გაანალიზებისთვის შესაბამის კარტოგრაფიულ მასალაზე და დოკუმენტაციაზე ხელი არ მიუწვდებოდათ".
სწორედ ირაკლი ღარიბაშვილმა დააკავშირა ნოდარ ხორბალაძე დავით ხიდაშელს, რომელმაც შემდგომში საქართველოს 1:200 000-იანი მასშტაბის რუკა გადმოსცა.
ამ რუკის შესახებ სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ამბობდნენ, რომ გამოუსადეგარია და ხარვეზები აქვს, შესაბამისად, აზერბაიჯანთან საზღვრის დასადგენად ვერ გამოიყენებდნენ. სწორედ ამ რუკის გამოუყენებლობისთვის დააკავეს ისინი 2020 წლის ოქტომბერში.
სალომე ზურაბიშვილის მიერ ხორბალაძის და გორგოძის დაჯილდოებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.
"ნაცვლად იმისა, რომ შესაბამის სტრუქტურებს პრიმაკოვის ფონდთან შეხვედრები გამოეძიებინათ, "საყოველთაო შემრიგებელმა" პრეზიდენტმა ის ადამიანები დააჯილდოვა, ვინც საზოგადოების ყველაზე დიდი დაყოფა და უკიდეგანო სიძულვილი გამოიწვია". - ამბობს ისტორიკოსი ბექა კობახიძე.
სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის განცხადებით, "სახელმწიფო პრემიების საკონკურსო კომისიები მუშაობენ სრულიად დამოუკიდებლად და მათ საქმიანობასა და გადაწყვეტილებაში პრეზიდენტი არ ერევა".
კარტოგრაფების საქმე ქართული ოცნების ხელისუფლებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიისთვის გამოიყენა.
რამდენიმე თვის განმავლობაში სამთავრობო არხის, იმედის ეკრანს არ შორდებოდა წარწერა გარეჯი საქართველოა.
წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის ბრალის წარდგენა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მუხლით, მათი დაპატიმრება და საქმის განხილვის დაწყება.
საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები ხაზს უსვამდნენ, რომ მსგავსი საკითხების წინასაარჩევნო პერიოდში წამოწევა შესაძლოა მიზნად ისახავდეს ამომრჩეველზე ზემოქმედებას.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით აკეთებდნენ მელაშვილისა და ილიჩოვას საწინააღმდეგო, პოპულისტურ განცხადებებს.